Wednesday, January 23, 2013

ვადაგასული პესტიციდები საქართველოდან ევროპაში გადის


საქართველოს ფარგლებს გარეთ 230 ტონა ვადაგასული პესტიციდის გატანა და გაუვნებელყოფა მოხდება. პესტიციდები მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე შეგროვებულია და განთავსებულია იალღუჯას პოლიგონზე. ამის შესახებ მარნეულში, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. შეხვედრას გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, გაეროს ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარია, გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე პესტიციდების უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას ემსახურება. იგი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

,,ეს ძალზე მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია. პირველად ხდება, რომ 230 ტონა მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, ანუ იგივე ვადაგასული პესტიციდები ევროპაში გადის და იქ გადამუშავდება. ამ შემთხვევაში ეს დამაბინძურებლები გავა მარნეულის ტერიტორიიდან. ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ატეხილ აჟიოტაჟს, რომ ვიღაცას ჩვენი ქვეყნის ბირთვული ნარჩენების პოლიგონად გადაქცევა სურს, დღევანდელი პროექტი აქარწყლებს და ამტკიცებს, რომ ჩვენ გვინდა გავასუფთავოთ ჩვენი ქვეყანა ამ ორგანული დამაბინძურებლებისგან" - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ. 

"იაღლუჯაზე განლაგებული ვადაგასული პესტიციდები გაუვნებელყოფას აუცილებლად საჭიროებენ, რადგან გარემოს და ადამიანებს საფრთხეს უქმნიან. ჩვენი პროექტი მზად არის, ამ ობიექტის გასაწმენდად და ორგანული დამაბინძურებლების უსაფრთხოდ გასატანად ტექნიკური დახმარება უზრუნველყოს. პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტთან ერთად, საზოგადოებას პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაციას მივაწვდით." - განაცხადა ინიტა პაულოვიჩამ. 

წყარო: http://www.iveroni.com.ge

No comments:

Post a Comment